Skip to content

პირადი

თებერვალი 24, 2015

არ ვიცი სხვა ადამიანების, თუმცა ჩემსას გეტყვით – ყველა პირადი წერტილიდან გადაცდენა გამოვცადე, ახლაც გამოცდის რეჟიმში ვარ. ვფიქრობდი, რა ძალამ გადამატრიალა. ჩემთან ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა ხოლმე, მინდა თუ არა ეს _ სიმართლე დავკარგე.

ეს იმ სიმართლეთაგანია, რამდენი ადამიანიც არსებობს. სიყვარულს, რომელსაც გავცემდი სხვა შეგრძნება ჰქონდა, სანამ არ დასახელდა, რომ ეს ჩემი ეგოიზმის შიმშილია – გავცემ ჩემთვის.

სანამ არ ვიგრძენი, რომ მნიშვნელობა არაფერს აქვს, მთავარია გადმოსცე ემოცია, რომელიც საკუთარ თავთან გაგამართლებს. და გაგამართლებს ყოველთვის, თუ ამ წესით იცხოვრებ.

მრავალი თვეა წერას გავშორდი _ მრავალი თვეა საკუთარ თავთან ასე ახლოს არ ვყოფილვარ, ცოტა მერიდება კიდეც ამ პოზიციაში ყოფნა. მოსაწყენი ვარ, ერთი საუკუნის ლოგინისქვეშა ჩემოდანივით, რომელშიც უამრავი ისტორიაშეჭმული ნივთია – წონის შეუსაბამო შარვლები, სანთლით ნაძებნი კაბები, გახუნებული ჭრელი მაისურები, გარღვეული წინდები…

ბოლო დროს, როდესაც უბრალოდ ვიცოდი, რომ საკუთარ თავთან სიჩუმე, სიახლოვე მჭირდებოდა, ჩვეულად ჩემთვის განსაკუთრებული ნამუშევრებით შედგენილ, თანაც საგანგებოდ დალაგებული ნუმერაციის ფლეილისტს ვუსმენდი. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ფლეილისტი, იმ გარღვეული წინდებივითაა, რომლებიც მტვრიან ჩემოდანში უძრავად ობდება.

საკუთარ თავთან დისტანცია მონობას გავს, რომელიც ძალიან კომფორტულია. არ ვიცი, ჩემს შეუხედავ ჩემოდანს ოდესმე ვინმე გვირგვინს თუ დაადგამს, თუმცა ვიმედოვნებ მე მაინც შევძლებ დავაღწიო თავი მონობას და ჩემი სახელობის აღიარება შევადგა თავზე მას, რა თქმა უნდა სიამაყით აღსავსემ, როცა მტვრიან სარკოფაგს გავუსწორებ თვალს, თან შევიგრძნობ წვიმასავით ყოვლისმომცველ სიმართლეს, რომელიც ასე ძალიან მენატრება.

ჭეშმარიტება

ოქტომბერი 28, 2014

თუ დააკვირდებით, ყოველთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს! განსაკუთრებით მაშინ როცა აღარაფერს აქვს აზრი. ასეთმა ცივმა, თავგადაპარსულმა ემოციამ არ მოისურვა არც ზღვის ნაპირზე ჩამოჯდომა, არც მხრებში გამშლელად გამყინავ, ბურუსიან კომფორტში აზიდვა.

ემოციებს არაფერი სურდა ძველი, ხოლო ახლის გამომგონებელი პირი მას არ უჩანდა. ისინი განაგრძობდნენ არსებობას ისე, რომ მათთვის ყოველი დღე თითო ფენის ცვეთაში გადიოდა, ემოციებში შეღწევაც რა თქმა უნდა რთულდებოდა, ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ ისტორიის შესახებ.
რაც უფრო სიღრმეს უახლოვდები, მით უფრო რთულია მისი აღწერა, საერთოდაც რამეზე საუბარი, თუნდაც ემოციებით.
დრამატული სიგიჟე მხოლოდ იდიოტებისთვის! ჰარმონიულობა სიჩუმის და სიჩუმის შორისაა, ან თუნდაც დიდი ხმაურის წინ პატარა მოძრავი მდუმარებაა _ ეს ის მდუმარებაა, რომელიც დიდი ხმაურის საწყისი და დასასრულია. ალბათ სწორედ ესაა ჭეშმარიტება.

მოულოდნელობა რომ ჩვენს ხელში იყოს, ხომ აღარ დაამტკიცებდნენ სულელები ბედისწერის თანხვედრას, მაგრამ რა გაეწყობა, როცა ჩვენ მხოლოდ დაუნდობელი მოულოდნელობებისა და ყოვლად მომცველი ემოციების ნაპირზე ვართ გაგდებულნი.

Blue Light

ივლისი 7, 2014

კონკრეტულ ასაკში ალბათ ყველა გარკვეულ ადამიანს თავში ქარი უქრის, მთავარია რა მიმართულებით წაგიყვანს ქარი, ვისთან მიგიყვანს, ან რასთან მიგაჯაჭვებს.

თუ კი ბაზარში მარტოობას განიცდი, ხოლო ხალხისგან გაცარიელებულ ბულვარში საკუთარ თავს სრულად გრძნობ, ეს ქარის ბრალია, რომლის მიმართულებაც უმისამართოა.

ყველაფერი სიჩუმით გამოცდილი ღრმაა და როცა აღარ არსებობს ემოციებზე მაღალი საფეხური, ქარი უბერავს და გვართმევს დროს.

ჩუმად შესაძლებელია ბევრი რამის ანაზღაურება
ყვირილი – “I want money power and glory”

როცა ვერ იზრდები და რჩები მსგავსი ცუდი ბავშვი როგორიც იყავი უწინ.
//
როცა იზრდები და ეგუები რუტინას, როგორც მრავალჯერ გაწვრთნილი და შემდეგ მოთვინიერებული ცხოველი.

ჩემზე, შენზე

აპრილი 25, 2014

თენდება, ჯერ კიდევ ბნელა, ფანჯარას ხსნი, ცივი ჰაერი მოულოდნელად გეჯახება და გაფხიზლებს, არანორმალურად მშვიდად.

გირთულდება თვალების გახელა, ყველა ემოცია გასხამს და ერთდროულად ყველა კვდება, ამ ემოციათა ნაშთის აყროლებას ამ დროს ყველაზე ცხადად განიცდი.

მოქმედება ძალიან ნელი და სუსტია, უგემურ ნაპასს ძლიერად ამოარტყამ.

ქუჩებში გადამდები სიჩუმეა და ირგვლივ არავინ გყავს, ვინც შენს დამშვიდებას შეძლებს, გეტყვის რომ ყველაფერი კარგადაა, ან – არაა, რომ არავინ გებრძვის, არც იმას რომ ყველას უყვარხარ, ვინც ამას გეუბნება, უბრალოდ დაიჩურჩულებს “მოდი ჩემთან, გაღმერთებ, მე შენ მოგივლი, დამშვიდდი.”

გაღიზიანებამდე ყველა შესაძლო ხმას მიყავხარ, არც ღრმა ძილს ჰყავხარ ჩათრეული, არც ფხიზლად ხარ.
ეს უფრო წყალქვეშა მდგომარეობაა არაბუნებრივი ვადით.

ყველაფერი სასიამოვნოდ წარმოსადგენია, ერთი აუცილებელი პირობის გათვალისწინებით – იმ მთლიანობიდან შორს, სადაც ეხლა იმყოფები.

///შენ არ გაქვს არაფერი, იმისთვის რომ გაიქცე.

აგონია

თებერვალი 23, 2014

ზაფხულის ნათელ დღეს ვწევარ ჩემს კატასთან ერთად, მზეს ვეფიცხები და სარკმლიდან შემოჭრილ დამაბრმავებელ სხივებს თითებით ვეთამაშები. მისაღებ ოთახში ჩემი მშობლები ფანტასტიკური ჟანრის წიგნს კითხულობენ.
მრავალსართულიან სახლებს დიდი მინუსი აქვთ – სამეზობლო საერთო კედლის გამო ნებისმიერი ხმამაღალი ბგერა ადვილად ვრცელდება _ ასე მესმის ჩემი მეზობლის ხმამაღალი გინება.

ქუჩიდან საზეიმო აღტაცებული ხმა.

მე კი ისევ ჩემს პოზაში ვუსმენ სიჩუმესთან ჰარმონიულ მუსიკას და საშუალება მაქვს განვახორციელო ყველაფერი ის, რაც კი წარმოგიდგენიათ _ მე ქალაქების მშენებელი ვარ.

მეგობრები მეუბნებიან, რომ ჩემი წვრილი თვალების გამო ჩინელს ვგავარ. მე კი ეს არ მომწონს, ხან მომწონს, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ სარკეს არ დაუჯეროთ.
სარკესთან ახლო ურთიერთობა არსით იგივეა, რაც საკუთარ თავთან სქესობრივი აქტით დაკავება. :))

როცა მონატრება ქრება, არ გაქვს სურვილი არავისთან გვერდით ყოფნის, მაგრამ ველური მოგონებებით საზრდოობ  _ მე მოვკალი ჩემი მეუღლე და მის საგანგებოდ გაწყობილ ფოტო-ალბომს ყოველ ღამე გულში ვიკრავ.

ჩემს სახლთან ახლოს, გრძელი გზატკეცილი და მის თავში მდგარ ტრაფარეტზე დაპულივიზატორებული ფრაზაა – “never STOP loving” შინ დაბრუნებისას ყოველთვის მეპარება მისკენ თვალი და მახსენდება, რომ სიყვარულის და ენერგიის ბოლო წვეთის რესურსი მხოლოდ მოგონილ ქალაქებში უნდა ვეძებო.

…და როცა დღე სრულდება ვამბობ, რომ ქალაქების დამანგრეველი ვარ, ვაგდებ ხელიდან ფოტო-ალბომს და მეწყება გაუთავებელი აგონია.

თებერვალი 9, 2014

ზუსტად იმავე თვე, რიცხვი, ტრადიცია, ოთახი, ადამიანი, შეცვლილი მხოლოდ წელიწადი – 2014.

ოთახი ბნელდება. ჩანაფიქრ სურვილებს აყოლილი ძლიერი სუნთქვით სანთლები ქრება.
მაგიდის თავიდან ნაჭრებ_შემოცლილი შოკოლადის ტორტი და ჩემი მეგობარი ჩანს. “აქ ბევრჯერ ვყოფილვარ” დეჟა ვუ მაქვს და ვუყურებ მის ცვლილელებს – ვხედავ მას გრძელი ბუნებრივი თმით და სქელი სვიტერით, შემდეგ ოდნავ დასუსტებულს, მომდევნო ეტაპი – თმაგადახოტრილი ზის, სულ ბოლოს მოკლე წაბლისფერი თმითაა და ბავშვივით იღიმის. და ვხედავ მას ეხლა.

ალბათ ყველაზე ამაზრზენად ამტანი გრძნობაა, როცა საკუთარ შინაგან სახლს კარგავ, ედევნები შენს ოცნებებს იქამდე, სადამდეც გაქქაჩავს – იკარგები.

ყველაფერი არ იცვლება – იცვლება მხოლოდ წელიწადის დრო.

მატერიალისტის დღიურიდან

ნოემბერი 9, 2013

შუაღამის ოთხს ეზლაზნებიან საათის ისრები, ჩემი ფიქრის უჯრედებს განუზომელი აბრევიტურა ადევს – “არ ვმუშაობ”.

ამ დროს მხოლოდ სხეული მუშაობს – მართე იგი. ცარიელ ქუჩებს მართავს სხეული, როგორც საბურავ_მოშვებული მანქანა, ფიქრებში კი მიგდებული კაფე-ბარებიდან გამოვარდნილი მობრდღვიალე შუქები წყვეტილებად ირეკლება.

ცა შეუმჩნეველია, ალბათ მასაც ის განუზომელი აბრევიატურა იცავს, რომელიც ჩემს ფიქრებს.

ამ წუთებში ირგვლივ საზღვრებიც შეუმჩნეველია და ყველაფერი უინტერესო ხდება – არანაირი აყალმაყალი – ომი, თუ გენდერული შეუთანხმებლობა, მთელი საპროტესტო არმია ამ დროს მხოლოდ მირაჟია, მეტროს გუგუნსაც კი ვერ იგრძნობ ფეხქვეშ.

ღამის ტაქსები ერთმანეთში ირევიან – შუა-ღამეს ტაქსისტები ქუჩებში სწრაფი მოძრაობით საკუთარ ისტორიებს ატარებენ.

მეც ღამით ვინ მოთვლის რამდენ ტაქსიში დამიტოვებია ჩემი გული.

ალკოჰოლით თავგზააბნეულს დეჟა-ვუ ჩვეულ ქუჩებს გაფიქსირებინებს, თბილისი პატარა ქალაქია და ყველგან მოგძებნიან.

ეს პოსტი შეკვეთილია ყველა დაკარგულის, კონკრეტულად ჩემი სიგარეტის მეგობრის მიერ. იგი ჩემი ფიქრის აბრევიატურის მსგავსად, ყველანაირი აღწერილობის გარეშე  _ განუზომლად დაიკარგა… დაიკარგა მტკვარში. მიყვარხარ სალომე! შენ არასდროს გაიზრდები, დარჩები ბავშვური და ვერავინ დაინახავს შენს ნაოჭებს.

ჩემგან განსხვავებით – არამატერიალურად შენს ისტორიას ინახავს მტკვარი, ჩემსას საბურავ_მდგრადი ტაქსი.